![]() |
ფოტოებისა და სტატიის ავტორი - თეონა წითაძე |
ქრისტიანული სამყარო 23 ნოემბერს წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობას წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმერეთის რეგიონში...
კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, სადაც მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის “კარუგდებელის” მამათა მონასტერი.
კერძოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, სადაც მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის “კარუგდებელის” მამათა მონასტერი.
თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი გზიდან სალოცავი 4 კილომეტრში მდებარეობს. ეკლესიამდე მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია. აქ 6 მაისსა და 23 ნოემბერს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩადიან. ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე გიორგობის დღესასწაულზე ხალხის ნაკადი არ წყდება. მომლოცველების უმრავლესობას შესაწირად ბატკანი ან ქათმის მამალი მიჰყავს. ზოგი ფეხშიშველი მიუყვება სალოცავამდე სავალ გზას. აქ ხშირად შეხვდებით უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. ბევრია მოწყალების მთხოვნელიცა და გამცემიც. ხეებზე ფერადი ლენტების შებმისა და სალოცავის სახურავზე მამლების შესმის ტრადიცია წლებია არსებობს.
![]() |
“მრევლის შენაწირი” ფოტო: თეონა წითაძე |
![]() |
“წარმართული ტრადიცია” ფოტო: თეონა წითაძე |
გარდა იმისა რომ ადგილი სილამაზითაც არის გამორჩეული, ეს სალოცავი დიდი მადლის მატარებელია. არსებობს ლეგენდა, რომელიც გვაცნობებს ამბავს “კარუგდებელის” აგების შესახებ. ლეგენდის თანახმად, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე აუგიათ საყდარი. სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ ჯერსეც იგივე განმეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო. დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ტაძარს კარი ჩამოვარდნოდა. გარშემო ყველაფერი დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. ამის შემდეგ სალოცავს კარი არასდროს ჰქონია, სწორედ ამიტომ სალოცავს “კარუგდებელს” უწოდებენ. ეს ტაძარი მხოლოდ ერთადერთია, რომელსაც კარი არ აქვს.
მომლოცველების დიდი ნაკადისა და ადგილის უკმარისობის გამო, გოგნში, “კარუგდებლის” გვერდით, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მასზე დაახლოებით ისეთი ჩუქურთმებია, როგორიც ბარაკონსა და ნიკორწმინდაში. გარდა ამისა ტაძარზე დატანილია ყველა ის ქართული ჩუქურთმა, რომლის მოძიებაც გახდა შესაძლებელი. ტაძარი ბაგრატის ტაძარზე მაღალია. პირველი სართულის 9 მეტრი მიწაშია. მრევლი “კარუგდებლის” მოლოცვის შემდეგ შეძლებს ახალ ტაძარში დაესწრონ საზეიმო წირვა-ლოცვას.
მორწმუნეებმა წინაპრებისგან გადმოცემით იციან ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. მონასტრის წინამძღოლი, დეკანოზი იოანე რევიშვილი საუბრობს რომ სალოცავი მსწრაფლშემსმენელია. წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს. ყოფილა შემთხვევა კაცი ყავარჯნებით ამოსულა და ლოცვის შემდეგ ხელჯოხით დაბრუნებულა. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა. წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და მან გავლა შეძლო.