ბაღლინჯო - აზიური ფაროსანა

    აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად  2015 წელს  გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.  მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.  თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობებს, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.
მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
   
  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს , პამიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს.
   
 ზამთრის ძილიდან გამოსული ფაროსანა აპრილის ბოლოდან, მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას  ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში  ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან  (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ  გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი და ყავისფერი.
 როგორც უკვე ვახსენეთ, მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.

მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.
         
მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.
     
    მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი.  პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 - 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

  
  
  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!


წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...