ოცი წელი 1995-დან

 ჩემი ისტორია ოცი წლის წინ,ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმში დაიწყო. ეს იყო 1995 წლის 2 მაისი. დღე, როდესაც მე მოვევლინე სამყაროს და ჩემი ცხოვრების წიგნის წერა დავიწყე.
პირველი ნაწილი, ფერადი, ცისარტყელისმაგვარი ფურცლები ... ეს იყო ბავშვობა. მართლაც ფერადი და უდარდელი.
ოჯახის პირველი შვილი ვიყავი, პირველი სიყვარული, თუმცა მშობლებს განებივრებული არასდროს ვყოლივარ. ყოველთვის მქონდა ის რაც მჭირდებოდა.
 ჩემი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ოჯახს ახალი წევრი, ჩემი და შემოემატა. ის დროც დადგა, რომ მე ბაღში მევლო, თუმცა ჩემი მშობლებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე იმდენად დიდი და ძლიერი  იყო, მათ გარეშე არ ვჩერდებოდი. მოგვიანებით კი აღმოვაჩინე რომ ბებია და ბაბუაც ძალიან მყვარებია და სკოლის არდადეგებს სოფელ ზეგანში, მთლიანად მათთან ერთად ყოფნაში ვატარებდი.
 სკოლის პერიოდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგად მოსაგონებელი პერიოდია.
2001 წელს სწავლა დავიწყე დიმის საჯარო სკოლაში. ამავე წელს სამყაროს მოევლინა ჩემი ძმა, რომელმაც სულ რაღაც ერთ თვეში დაგვტოვა და სამარადისო სასუფეველში გადაინაცვლა. 2006 წელს ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი გაჩნდა, ჩემი პატარა ძმა, რომელსაც მეორე დედობა გავუწიე, გამომდინარე იქედან რომ დედას სახლში ძალიან ბევრი საქმის კეთება უწევდა. ჩემი ძმის მოვლა-პატრონობა ჩემს თავზე ავიღე. შესაბამისად თავისუფალი დრო არ მრჩებოდა, მაგრამ არასდოს დამიწუწუნებია იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა მასთან ერთად ყოფნა. უკვე გაიზარდა და თავს უფლებას აძლევს ჩემს ნებისმიერ შენიშვნასა თუ საყვედურზე ასე მიპასუხოს: "შენი გაზრდილი ვარ" და დამნაშავედ საკუთარი თავი კიარა მე გამომიყვანოს )) ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა დღესაც იგივე რეჟიმშია, როგორც მისი დაბადების დღიდან იყო.
2010 წელს 9 კლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დიმის N1 საჯარო სკოლაში გავაგრძელე და 2013 წელს დავასრულე ჩემი მოსწავლეობის ხანა. სკოლიდან რაც ყველაზე კარგად მახსენდება არის ჩემი ჯგუფის მიერ ორგანიზებული საღამოები, ჩვენივე მონაწილეობით.
  არც ადრეულ ასაკში და არც მერე ჩემი ცელქობა და ოხუნჯობა არ მახსენდება, თუ არ ჩავთვლით ჩემი დის აკვნიდან გადაბრუნებას, ხელის მოტეხვასა და კიბიდან დაგორებას. უმრავლეს შემთხვევაში ეს მისი გამოწვევების გამო ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის პასუხს ყველაფერზე მე ვაგებდი ხოლმე. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ ორ სიტყვას ერთად ვერ ვამბობდი იმდენად "ალალი" ვიყავი)) ეშმაკობისა და რაიმეს გაფუჭების თავი არ მქონდა, ჩემი და კი ამ საქმის პროფესიონალი იყო.
ასეთი წყნარი ვიყავი სკოლაშიც. დასმულ შეკითხვაზე ყოველთვის მქონდა პასუხი თუმცა ხელის აწევა აქამდე არ ვიცი რატომ მეზარებოდა.
   კარგად მახსოვს მომენტი, როდესაც ჩემი მომავალი საქმე უნდა ამერჩია. მე მსახიობობა ბავშვობიდანვე მინდოდა, თუმცა მამამ დიდი როლი ითამაშა ამის გადაფიქრებაში . დედას პედაგოგიური უნდოდა, ბებიას და ბაბუას ექიმი შვილიშვილი. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად.
საბოლოოდ გადავწყვიტე დამეთმო მსახიობობა, მაგრამ არ დამეთმო ჟურნალისტობა. ოჯახი დავითანხმე და პროფესიათა ჩამონათვალში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაწინაურდა.
ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩავაბარე პირველივე მცდელობაზე და 2013 წლიდან დღემდე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოც.მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი ვარ.

წითაძე
თეო წითაძე  



No comments:

Post a Comment

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...