გსმენიათ კონიოს შესახებ? ის შხამიანი მცენარეა

კონიო შხამიანი მცენარეა, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, თუმცა, ვერაფერს აკლებს... მწყერს. კონიო (conium maculatum) ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება _ შავი ზღვის სანაპიროდან მაღალმთიან ზონამდე. უფრო ხშირად იზრდება საცხოვრებელი სახლების ახლოს, ნაგვიან ადგილებზე, გვხვდება საძოვრებზე. იზრდება ერთ მეტრამდე, აქვს დატოტვილი ღერო და წვეროზე მოთავსებული თეთრყვალებიანი ქოლგები. განსაკუთრებით შხამიანია ნედლი კონიო. მასში არსებული ნივთიერება _ კონიონი გახმობისას შხამიანობას კარგავს. პირუტყვი საერთოდ არ ეტანება, თუმცა, ადრე გაზაფხულზე ნორჩი ბალახისგან ვერ არჩევს და ჭამს. ეს კი მოწამვლის მიზეზი ხდება.
ამ მცენარის შხამიანობა ძველთაგანვეა ცნობილი და ამბობენ, რომ სოკრატე მისი შხამით მოწამლეს. უცნაურია, მაგრამ კონიო თუ წამლავს ადამიანს და ცხოველს, ვერაფერს ვნებს ცხვარს, თხას, და... მწყერს. თუმცა, კონიოს ნაჭამი მწყრის ხორცი წამლავს ადამიანს. კონიოს მოსასპობად საჭიროა მისი ამოძირკვა და დაწვა, საუკეთესო შემთხვევაში კი აფთიაქისთვის ჩაბარება.

ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღე

11 ნოემბერი ენერგიის დაზოგვის საერთაშორისო დღეა, რომელიც საერთაშორისო სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის SPARE-ის  (პროექტი კლიმატის ცვლილების, ენერგიისა და რესურსების დაზოგვის შესახებ) ინიციატივით 2008 წლიდან აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღების მიქცევა რესურსების რაციონალურად გამოყენების და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვის ხელშეწყობისკენ



გზა, რომელიც თამარ მეფეზე გადის

                                       გზა, რომელიც თამარ მეფეზე გადის


 „შვილო, გაიღვიძე სკოლაში დაგაგვიანდება“ - ამ სიტყვებს დედა ყოველ დილით, ხვეწნანარევი, მზრუნველი ხმით ამბობდა. დრო გავიდა, მოსწავლეები სტუდენტები გახდნენ. დადგა ჟამი დამოუკიდებლად ცხოვრებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დილით დედის გაღვიძებას აღარ უმდა ელოდო.
   სტუდენტური „სტარტაპი“... საუკეთესო დრო, სხვადასხვა სტერეოტიპები და ძველი თაობის ხალხის, ქუთაისურად ნათქვამი ფრაზები: „სტუდენტობაა რაცაა სიმონ“... „შენ ჯერ არ იცი რა გელის წინ“... და სხვა ათასი ამის მსგავსი.
   სწავლის I დღე - გრძელი გამოსასვლელი საღამოს კაბები, მაღალი ქუსლები, ათასფერი თვალშისაცემი სამკაული, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და საზეიმო გამწყობა...
ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის „სტუდენტობა ქუთაისში“ ასე იწყება.
   უცხო სამყაროში მოხვედრილები გარემოსთან ადაპტირებას მალევე ახდენენ. დროთა განმავლობაში კლებულობს დაბნეული სახეები და სტუდენტური ცხოვრებაც თანდათან წინ მიიწევს.
   იმის მიუხედავად, რომ ქუთაისი წყნარი და მშვიდი ქალაქია, ახალგაზრდები მაინც ცდილობენ ყოველი დღე ხალისიანი, ფერადი და რაც მთავარია ნაყოფიერი გახადონ.
   თუ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე მოხვდებით, თქვენ შეამჩნევთ ახალგაზრდებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტლივ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე. ეს არის გზა, რომელსაც სტუდენტები წერეთლის უნივერსიტეტამდე მიჰყავს.
 უნივერსიტეტამდე მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია გზა, რომელიც უნივერსიტეტის შიგნით უნდა გაიაროს სტუდენტმა. ამ გზას კი თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ირჩევს. ვგულისხმობ სტუდენტს, რომლისთვისაც ეს გზა მხოლოდ უნივერსიტეტის ჭიშკართან იწყება და მთავრდება, რომლისთვისაც „სტუდენტობა ქუთაისში“ მხოლოდ ყოველდღე  ერთი ლობიანის ჭამაა. მეორე მხრივ კი ვგულისხმობ მათ, ვისაც პროფესიული ზრდა აქვთ მიზნად დასახული და ცდილობენ სტუდენტობა პროფესიულ განვითარებას დაუთმონ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ მათი უკეთესი მომავლისათვის. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იკლებენ გართობასა და დასვენებას.
   ალბათ საინტერსოა, რას ფიქრობენ თვითონ სტუდენტები. როგოორია მათი აზრით „სტუდენტობა ქუთაისში“. ამ შეკითხვით მე მივმართე ერთ-ერთ პირველკურსელს, ესმერალდა კუპრაძეს, რომელიც ჯერ კიდევ ახალბედად ითვლება.
„რადგან პირველკურსელი ვარ,  შესაძლოა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ჟრერს. ვიტყვი, რომ  ქუთაისში სტუდენტობა არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ ხოლმე. თუ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებ, საკუთარ ადგილს ყველგან დაიმკვიდრებ. ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება არ დუღს, თუმცა დედაქალაქთან შედარებით, ქუთაისსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იყოს სტუდენტური ქალაქი“ - ამბობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ესმერალდა კუპრაძე.
   საინტერესოა ქუთაისელ ლექტორთა შეხედულებაც, ამიტომ გთავაზობთ ია ჩარკვიანის კომენტარს.
„მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები. თუ სტუდენტს სწავლა უნდა, ის ყველგან ისწავლის. დღეს ყველა საშუალება არსებობს იმისათვის, რომ სტუდენტმა კარგი განათლება მიიღოს და სტუდენტობაც სასიამოვნოდ გაატაროს. მთავარია მონდომება. სახელმწიფო ყველას აძლევს შესაძლებლობას გაიაროს აღნიშნული ეტაპი და მიიღოს განათლება, რისთვისაც არსებობს თუნდაც უფასო ფაკულტეტები. მინდა ვთქვა, რომ სტუდენტობა მხოლოდ უნივერსიტეტში სიარულით არ შემოიფარგლება. ყველამ უნდა ისწავლოს და აკეთოს ის რაც უყვარს მას. ასე სტუდენტობა მეტად საინტერესო და მარტივია“ - ამბობს ქალბატონი ია.
  ასევე საინტერესოა რას ფიქრობს ყოფილი სტუდენტი თიკა გურგენიძე, რომელმაც თავისი სტუდენტობა აქ, ჩვენთან, ქუთაისში საკმაოდ წარმატებულად გაატარა.
„სტუდენტობა ასოცირდება  ცხოვრების საუკეთესო „ოქროს  წლებთან“. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება სტუდენტობა. თუ ამაში უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობაც ხელს გვიწყობს, ეს წინაპირობაა იმისა, რომ შევქმნათ კარგი მომავალი. კინო, თეატრი, სტუდენტური სამუშაოები და ასე შემდეგ, ეს ის პირობებია, რაც სწავლისადმი სურვილს გვიმძაფრებს. ამ კუთხით კი მინდა ვთქვა, რომ  ამ ქალაქს თავისი ხიბლი და ბაზისი განათლებასთან მიმართებაში  ნამდვილად აქვს. მთავარია სწორად გაანაწილოთ დრო და თქვენს ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოთ“ - ამბობს თიკა გურგენიძე.
  კიდევ ერთ კომენტარს შემოგთავაზებთ თუ რას ფიქრობს წერეთლის უნივერსტეტის, სამართლის სპეციალობის მე-3 კურსისის სტუდენტი  გიორგი ბურჯალიანი აღნიშნულთან დაკავშირებით.
„ხშირად სხვა ქალაქის წარმომადგენლები ქუთაისელ ახალგაზრდებს ბრალს სდებენ, რომ ისინი ცოტა ნიჰილისტურად ეკიდებიან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებს. რაღაც მომენტში მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ  ხშირ შემთხვევაში სტუდენტური საზოგადოება ან ჩუმად არის მოვლენებთან დაკავშირებით, ან საერთოდ არ აინტერესებთ. მგრამ არსებობს სტუდენტების ის საღი ნაწილი, რომელიც მზად არის  დაიცვას თავისი უფლებები, შეცვალოს რაღაც საკითხები და პროგრესისკენ წავიდეს.  მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში სტუდენტების რეალიზება ბოლომდე არ ხდება. ეს არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის დანაშაული, ეს არის საზოგადოებისა და ზოგადად სახელმწიფოს დონის პრობლემა. რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა პროექტი უნდა იყოს იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა რეალიზდეს. ვიღებთ განათლებას, მაგრამ რა დონეზე, ეს კიდევ საკითხავია. როგორც ვიცით,  ჩვენ უნდა ვიღებდეთ ევროპული დონის განათლებას მაგრამ ფაქტია, რომ ასე არ არის. იმ განათლების ფონზე, რასაც ვღებულობთ, მაინც შეზღუდულია სტუდენტთა შესაძლებლობები, თუნდაც დასაქმების კუთხით. მესამე კურსზე ვარ და ჯერ ის, რომ მე ვარ სტუდენტი, არსად არ გამომდგომია. რთულია, როდესაც ყველა სამსახურში ითხოვენ გამოცდილებას. ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, როგორ შეიძლება ჰქონდეს სტუდენტს მუშაობის სამწლიანი გამოცდილება სამსახურში ყოფნისა. ჯერჯერობით ნაკლებად მადგება, თუმცა იმედი დიდი მაქვს, რომ ახლო მომავალში მაინც გამომადგება ის სტატუსი, რასაც სტუდენტი ჰქვია. მეც ხშირად ვხუმრობ ამ თემაზე, რომ ჩვენ, სტუდენტებს ქუთაისში გართობის საშუალებებიც კი არ გვაქვს, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა ქალაქის. საერთოდ არ გვაქვს თემატური ბარები, არ გვაქვს კინოთეატრი, არ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი რამ, რითაც შეიძლება ახალგაზრდები გავერთოთ თუნდაც ღამის საათებში. ესეც არის სახელმწიფოს დონისა და მთლიანად ქალაქის პრობლემა. ასევე გვაქვს ტრანსპორტის პრობლემა საღამოს საათებში. ხშირად გვქონია იმის პრაქტიკა, რომ თუნდაც თეატრიდან გამოსულ სტუდენტებს დაგვჭირვებია ზედმეტი თანხა, რათა ტაქსით მივსულიყავით სახლამდე. ქალაქში ჩვენთვის არის მხოლოდ ერთი სახის გასართობი საშუალება კაფე-ბარების სახით. არ გვაქვს ელექტრონული მუსიკის კლუბი. მაგრამ კარგია ის, რომ თვითონ ახალგაზრდები, ერთიანი ძალებით მაინც ცდილობენ შექმნან გართობის საშუალებები, რომ დატვირთული დღის შემდეგ გაერთონ“ .

   როგორც ყველგან და ყოველთვის, აზრები აქაც გაიყო. ვნახეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად მთავარი მაინც მონდომებაა. სტუდენტობა ქუთაისში კი ინდივიდუალური. ეს რაც აქ არის, თუმცა თქვენ შესაძლოა სულ სხვა აზრის ხართ. მოკლედ... სტუდენტო და არა-სტუდენტო მკითხველო, მე შევეცადე შენთვის მეჩვენებინა როგორია თამარ მეფეზე გამავალი გზა...  გზა, რომელსაც ცოდნის მტაძრამდე მივყავართ.






თეონა წითაძე

„ესაა პიკასოს ბიჭი?“

რუბრიკა :  შტრიხები რეცენზიისთვის
 
                                                    „ესაა პიკასოს ბიჭი?“    
                                                ამით ერთობოდა პიკასო

 
 „ჩემი 35-წლიანი მუშაობის მოკრძალებული ნაწილი.“ - ასე მოიხსენიებს ქალბატონი ნანული იმ მასალებს, რომელიც მან ერთ დიდ სქელტანიან წიგნში გააერთიანა და გამოსცა.
ჟურნალ-გაზეთთა გაყვითლებულ კომპლექტებში, ძველ პუბლიკაციებში არსებული ღირებული დოკუმენტური მასალა, რომლის დაკარგვაც  დასანანი იქნებოდა ქუთაისის ისტორიით დაინტერესებული ახალგაზრდობისათვის, 2015 წელს ერთ წიგნად გამოიცა და მას ავტორმა ზუსტად მორგებული სახელი უბოძა: „გახსოვს, ქუთაისო?“
  ეს არის წიგნი, სადაც თქვენ წაიკითხავთ ნანული ცხვედიანის ფიქრებს ქუთაისზე, ქალაქზე, რომლის წარსული ყველამ უნდა იცოდეს, მითუმეტეს, თუ შენ ქუთაისის გაზრდილი შვილი ხარ.
  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი „ბედნიერი დედაა“. გყავდეს ისეთი შვილები, როგორიც მოსწრებული სიტყვა-პასუხით, პატიოსნებით სავსე პიპინა მიქელაძე იყო, ნამდვილად ბედნიერებაა. წიგნის პირველი გვერდები ამ კოლორიტული გვარისა და სახელის მქონე კაცის გახსენებით, მისი ისტორიებით იწყება.
   აქვე შეიტყობთ გალაქტიონის სიკვდილის საინტერესო, უცნობ ვერსიას. მისი მეორე მეუღლის, ნინო კვირიკაძის გაცნობის ისტორიას ბაღდათის რაიონში, კერძოდ ქვედა დიმში და სხვა ისტორიები, რომელიც დღემდე არ გსმენიათ.
„ფრინველკაცის“ - ალექსანდრე ნემსიწვერიძის ამბავი, ქუთაისის ლეგენდარული ფალავანი კოლია ქვარიანი, შორეულ  ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონდონში, მის საფლავზე გადაგორებული წითელი კვერცხის ისტორია, ქართული ღვინო და ახალგაზრდა ჟურნალისტის ხელით დანთებული სანთელი...
ლადო ასათიანი და პოეტის ბავშვობის მეგობრების მოგონებები... ჭორი პაოლო იაშვილსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის შესახებ; გიორგი კუჭატნელი, ივდეთი ნიჟარაძე, სიმონ მჭედლიძის მოგონებები. ვანო ვარლამიშვილის, ზაქარია ფალიაშვილისა და ფელიქს ვარლას ნათესაობის ამბავი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, კონსტანტინე იოსელიანი, ვერა გვანცელაძე-ჯიქიას ცხოვრების დეტალები - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც წიგნის უცნობი ფურცლები მოიცავს.
    უნიკალური მწერლები, ასეთივე ბიოგრაფიით, ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებით, ისტორიებითა და მოგონებებით:  სანდრო ცირეკიძე, ირაკლი აბაშიძე, ჩიბუხიანი კაცი - ოტია იოსელიანი, რეზო გაბრიაძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი...
    რეზო ჭეიშვილი თავისი ქალაქის სიყვარულით გამოირჩეოდა. მას მთელი თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თურმე არასოდეს მიუტოვებია მშობლიური ქალაქი. თავის ნაწარმოებებში იგი თანამოქალაქეთა კოლორიტულ სახეებს ხატავდა, გადმოსცემდა მათ სევდას, სიყვარულს, სიხარულს, უცნაურ თავგადასავლებს. მისი სცენარების მიხედვით შექმნილი კინოფილმები და იშვიათი პოპულარობა რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმს - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“...     „დავიდოთ გულზე ხელი და ვთქვათ, უკეთესად წერენ ევროპელები?... ყოჩაღ, ჭეია! „ _ რეზო ინანიშვილის სამაგიდო ჩანაწერიდან.
ნანული ცხვედიანი წერს: „ჭეიამ“ მართლაც ღვთაებრივი ნიჭიერებით დახატა თავის შემოქმედებაში ქუთაისისა და საქართველოს მარადი სული.  თაყვანისცემა _ მის უბერებელ კალამს!“
  „გახსოვს, ქუთაისო“ - ს ფურცლები ნანული ცხვედიანმა მხატვრების გახსენებასაც მიუძღვნა : ოთარ ქანდარაია, გურამ გაგოშიძე, გივი იობიძე, თუმცა ქალბატონ ნანულის არც მუსიკა, ფოლკლორი და თეატრი არ გამორჩენია მხედველობიდან.
   აღსანიშნავია ოტია იოსელიანისა და გიზო კაკაურიძის ურთიერთობა. როგორც ვიცით გიზო კაკაურიძემ არაერთი ცნობილი ადამიანების პაროდია შექმნა ქუთაისის სცენაზე. ჭეშმარიტად მხატვრულ დონემდე განზოგადებული ოტია იოსელიანი ჰყავდა.
    რეჟისორ  იური კაკულიას ხონელი ბიჭი თეატრალური უნივერსიტეტიდან წამოუყვანია. „ქუთაისურ ნათლობას“ უკვალოდ არ ჩაუვლია და ბატონი გიზო ტერფამდე ქუთაისელი გამხდარა. მალევე დაუმკვიდრებია „კოლორიტის“ სტატუსი და ყველასათვის პოზიტივის მომტანი გამხდარა. ოტია იოსელიანის პაროდიისთვის იუმორის ძებნა არ სჭირდებოდა. ამბობს, რომ ოტიას სხვადასხვა ფერი ჰქონდა. მაგალითად, იხსენებს რას ამბობდა ის გასვენებაში, როცა მიცვალებულის დამარხვის შემდეგ საქელეხოდ გაემზადებოდნენ: „ეგი ქე გევიგეთ, სა უნდა დავტოვოთ, მარა ჩვენ სა უნდა წევიდეთ ეგია საკითხავი“.
  როდესაც ბატონ გიზოს „იუმორული ესკიზები“ წიგნად გამოუცია, ერთი წიგნი ოტიასთვისაც უჩუქნია. ოტიას უთქვამს: „იმდენი მბაძა, იმდენი, რო, წიგნის გამოშვება დაუწყია“. მერე რაღაცეები წაუკითხავს და უთქვამს: „რას გეტყვი იცი? შენ ახლა რავარც მიკროფონთან ტატყანობ ხო, ე ჭკუა კი გიხმარია და ისე გაქ გადმოტანილი, თვარა, შენ რო მწერლობა დაგეწყო, დეგეფსებოდა თვალები იმ წუთში“ - ამასობაში კი თურმე გიზოს სცენაზე გამოსატან იუმორს ახალი შრტიხები ემატებოდა.
   „გახსოვს, ქუთაისო?“ _ თურმე რამდენს იტევს ეს პატარა ქალაქი, მართლაც გამორჩეული და უნიკალური თავისი ეპოქის მოღვაწენით. ყველა და ყველაფერი, რაც ქუთაისს უკავშირდება ერთად, მშვენივრად აუკინძავს ქალბატონ ნანულის ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის და არამარტო ახალგაზრდებისათვის, მათთვისაც, ვისაც ქუთაისი და ქუთაისის ისტორია აინტერესებს. ვისაც ოდნავ მაინც ხიბლავს ქუთაისი ეს წიგნი მათთვისაა. ეს ის წიგნია, რომელსაც არ ჰყავს განსაზღვრული ასაკის მკითხველი. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო, მაგრამ რთულია გადმოსცე სიტყვებით. აქ შენ თავად გაიცნობ ქუთაისს და იმ „კოლორიტებს“, რომლითაც მთელი ქუთაისი დღემდე ამაყობს. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მათ.
   წიგნის კითხვის პროცესში ვაწყდებოდი ისეთ ისტორიებსა და ამბებს, რომლებიც დღემდე არ მქონდა განაგონი. ასევე ვკითხულობდი ჩემთვის ნაცნობ ფრაზებსაც, თუმცა ორივე ერთნაირად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებული ისტორია, რომელიც ჩემი თაობის  ადრეული ბავშვობის მოგონებად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემს წინა თაობას ალბათ უკეთ ახსოვს და არ დავიწყებია ქუთაისის ქუჩებში  ხალისიანი, სიტყვაფხიანი და მოსიყვარულე ბაბულია - ბულკებით ხელში. ჩემთვის ის დღემდე „ერთი უბრალო ბაბულია“ იყო, სანამ მისი ისტორია არ წავიკითხე. ჩვენი ბაბულია მაღლაკელი ვაჟა კოსტავა დღეს ახლოდან გავიცანი და იმ მოგონებებმა გაიღვიძა გონებაში ადრე ხალისით, რომ საუბრობდნენ მასზე უფროსები.
   ქუთაისლებს ენაკვიმატობასა და იუმორში რომ ბადალი არ ჰყავს, ეს ყველასთვის ნათელია. ქალბატონი ნანული საკუთარ ნაშრომში წერს: „შენ ჩავარდი წკვარამში და უბედურებაშიო“. „ძველი ქუთათური ქალი რომ მოგაწყევლიდა, უნდა წარმოგედგინა, რომ  საცაა ფეხქვეშ მიწა უნდა გაგსკდომოდა და ჯანდაბასა და დოზანაში, უკუნ სიბნელეში შთანთქმულიყავი.“ ეს რაც შეეხებოდა ქუთათურ ქალებს, ახლა კი ზოგადად ქუთაისზე: „XXI საუკუნეს, გლობალიზაციას, თავისი შტრიხები შემოაქვს უთაისის არქიტექტურულ განასენიანებაში, საზოგადოებრივ ყოფაში, პიროვნულ ურთიერთობებში. ძველი ქუთაისი თანდათან იხევს გარეუბნებისკენ. იქ კი, გორაკ-ბორცვებზე შეფენილი ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების აივნებზე, ძველებურად ამზეურებენ წითელატლასისგულიან საბნებსა და ნამზითვ ხალიჩებს. „ზალაში“ საპატიო ადგილზე დაბრძანებულ ბებერ გიტარას ისევ ამშვენებს დიდ ბებოს მიერ კოხტად გამოკვანწული ბაფთა, „ადესის“ ტალავერქვეშ, ქვის მრგვალ მაგიდასთან, ძველებური სიყვარულით უხმობენ ნანატრ სტუმარს და რკინისფერწასული ჭიშკრის მესერს კვლავ უწყინრად აზის რკინის ჩიტი. მაგრამ ამ ძველთაძველ ქუჩებშიც საუკუნის წინ სიმინდის მარცვლებივით ჩაწიკწიკებული ქვის ფილაქნების რღვევა უკვე დაწყებულია...“
  წლები გადის, თაობები იცვლებიან, დრო ჩვენ არ გვინდობს, თუმცა  ისტორია გვინახავს. „გახსოვს, ქუთაისო?“  _ დიახ, უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა იყოს ქუთაისის სავიზიტო ბარათი... ბარათი რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

თეონა წითაძე

რთველი (ფოტორეპორტაჟი)










 






გაზეთი "Post-პოსტი"

ასე გამოიყურება გაზეთი, რომელიც ჩვენ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა გამოვეცით. 
გაზეთი უნივერსიტეტში ყოველწლიურად გამოდის გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მიმართულება შეისწავლის საგანს სახელად "სტუდენტური გაზეთი" რომლის მთავარი მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს გაზეთზე  მუშაობა. აღნიშნულ საგანს წელს უნივერსიტეტში  ქალბატონი ნათია ჯიქია კითხულობდა. სწორედ ქნ ნათიას რედაქტორობით გამოიცა გაზეთი "Post-პოსტი".
გაზეთი მოიცავს უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე ეხება სხვადასხვა, მეტად საინტერესო თემებს. 
მართალია აღნიშნული გაზეთის გამოცემა მარტივი არ იყო, თუმცა მიღებული შედეგი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ის დღეები უკვე"ტკბილად მაგონდება" :)
"Post-პოსტ"-ისთვის სტატია თხუთმეტმა სტუდენტმა დაწერა. ეს ზოგიერთი მათგანისთვის პირველი ნაშრომი იყო რომელმაც დღის სინათლე იხილა და ამას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათ მიიღეს გამოცდილება, გაიარეს პრაქტიკა, ყველამ ინდივიდუალურად, საკუთარი შედეგი დადო და განიცადეს სიხარული რომელსაც "Post-პოსტ"- თან შეხება ჰქვია.



იხ. ჩემი ორი სტატია 



თ. წითაძე                                                                                                                                                

პანტომიმა, ბერიკები, "ნადური" - ფესტივალი წყალტუბოში (ვიდეო)

http://www.kutaisipost.ge/video/article/5174-pantomima-berikebi-qnaduriq-festivali-tsyaltuboshi-video




წყალტუბოში ფესტივალი "ოცნების ხეივანი" გაიმართა.
პანტონიმის თეატრი, კარიკატურა, ბერიკების შოუ, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ფერების შოუ - ეს ღონისძიების პროგრამული ნაწილი იყო.

კონცერტის დასაწყისში მაყურებლის წინაშე ანსამბლი "ნადური" წარსდგა, შემდეგ კი სცენა ამიკო ჩოხარაძემ დაიკავა.

ღონისძიება  "ქართული ოცნების"ახალგაზრდული ფრთის მიერ  იყო ორგანიზებული.



თეონა წითაძე                                                                                                                                          


"welcome party" წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის-(ვიდეო)

http://www.kutaisipost.ge/video/article/5089-studenturi-tsveuleba

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ, პირველკურსელებს სწავლის დაწყება წვეულებით მიულოცა.


ტრადიციად ქცეული ღონისძიება რესტორან "ქალაქურში" გაიმართა.

"welcome party" - ზე 1000-მდე სტუდენტი იყო მიწვეული.

საღამოზე მუსიკალურმა ჯგუფებმა "ზეგ" და "მუზეუმმა" იმღერეს, რის შემდეგაც სცენა დიჯეი პაპასკირმა დაიკავა.

წვეულების კულმინაცია წერეთლის უნივერისტეტის ლოგოთი გაფორმებული ტორტი იყო.

საღამო ფეიერვერკით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, თვითმმართველობის პრეზიდენტის, გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, ამის უფლება მათ სასტუმროს ადმინისტრაციამ არ მისცა.


თეო წითაძე

რეზი ბურჯანაძე

ქუთაისელები სამი მაჟორიტარის არჩევაზე გამოკითხვა

საახალწლო კარნავალი

რას ფიქრობენ ქუთაისელი ახალგაზრდები ქორწინებამდე სექსზე

მოუწესრიგებელი გზის საფარი ქუთაისში განჯის ქუჩაზე

ვის ძეგლს ისურვებდით ვასილ კიკვიძის ძეგლის ადგილზე გამოკითხვა ქუთაისიპ...

გამოკითხვა პატრიარქის ინიციატივაზე

ყველაზე საინტერესო

ჩვენს პლანეტაზე უამრავი იდუმალი და საინტერესო ფაქტია,მაგრამ საინტერესოა რომლებია აქედან ყველაზე საინტერესო. აი ნაკრები იმ მეტად საინტერესო და უცნობი ფაქტებისა.


ძველ საბერძნეთში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.

მორიელებს შეუძლიათ 2 წლის განმავლობაში არაფერი არ ჭამონ.

მეცნიერულად დამტკიცებულია რომ თუ 21 დღის განმავლობაში სულ ერთი და იმავეს დაიცავ, ჩვევად გექცევა. ესეიგი მხოლოდ 21 დღე უნდა გაიჭირვო და მერე მარტივია.

90% გოგონებისა უკმაყოფილოა საკუთარი ფიგურით.

ძველ ეგვიპტეში კატის მკვლელობა სერიოზულ დანაშაულად მიიჩნეოდა.

თუ GOOGLE search-ში ჩაწერთ : 241543903, თქვენ დაინახავთ ადამიანების სურათებს, საყინულეში შეყოფილი თავით :დ


გვირაბის ბოლო და წვიმიანი გაზაფხული

ძველ ჩანახატებს გადავხედე...  უკვე აღარც კი მახსოვდა ამ რაღაცეებს თუ ვწერდი...
მოკლედ ასე...
ეს არის 21.03.2014-დან ....

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1113882945339881


ბავშვობა... მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, მზრუნველობა. პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა...
გიხარია, ბედნიერი ხარ, იმედი გაქვს, არ გეშინია, რადგან შენ დახმარება ხომ, ჯერ კიდევ მაშინ გაგრძნობინეს, როცა პირველი ნაბიჯების გადადგმას სწავლობდი.
დაეცემოდი, ჯერაც ნიადაგს შეუხებელს ხელს შემოგაშველებდნენ და ფეხზე გაყენებდნენ. ცხოვრებას გრძნობდი. თამამი და გაბედული ხდებოდი. ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავდი.
  დაიწყო გვირაბი...
დრო გადიოდა, იზრდებოდი, თანდათან ფერების გარჩევაც ისწავლე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმაზე მეტად კარგად ვიდრე მაშინ, ბავშვობაში...
მაინც გეგონა, რომ ყველაფერი კარგი იყო. გეგონა, რომ ცხოვრება ყოველთვის კარგი იქნებოდა. გეგონა მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არ დაეცი, ბავშვობაში გადადგმული ნაბიჯის მსგავსად და მიხვდი, რომ ირგვლივ აღარავინ იყო ისეთი ვინც წამოგაყენებდა. იგრძენი ცხოვრების აზრის ერთი მეორედი ნაწილი. აქ მიხვდი, რომ თურმე ბავშვობა უკან დარჩა და დაიწყო სულ სხვა, რაღაც ახალი და განსხვავებული. ფიქრობ, ნუთუ ასეთია ცხოვრება... ღია და ნათელი ფერები თანდათან ხუნდებოდა...
ირგვლივ უამრავი ადამიანი გახვევია ქუჩაში წაქცეულს და ყურადღებას არავინ აღარ გაქცევს...
ეს მხოლოდ ბავშვობაში დარჩა. ბავშვობაში, როცა ქუჩაში გასული, სიფრიფანა ბავშვის ყველა ხელში ატაცებას ლამობდა... რატომ ხდება ეს დღეს ასე, რომ ასეთი შეუმჩნეველი გახდი ყველასათვის. რა შეიცვალა, ან ვინ შეიცვალა?... ხალხი თუ შენ?
  დრო გავიდა, მაგრამ შენ ეს ახლა იგრძენი... იგრძენი, რომ ცხოვრება თურმე რთულია...
შენით წამოდგები და დათრგუნული ფიქრებს მიეცემი. იქნებ მე შევიცავლე, ან იქნებ ხალხი გახდა ასეთიო ფიქრობ, მაგრამ ხალხი სულ ასეთი იყო , ისინი არ იცვლებიან. ეს შენ ხარ, შენ შეიცვალე, ან არც სეიცვალე, უბრალოდ გაიზარდე და ცხოვრება თავს გაცნობს, ნელ-ნელა გასწავლის მის არსს.
  აი სად შეამჩნიე გვირაბი, იქ სადაც მიხვდი, რომ ცხოვრებაში ნათელი ფერები არ არსებობს, თურმე ცხოვრება მხოლოდ მმუქი ფერია ან სრულიად უფერულია და მას შენ უნდა მისცე ფერები.
  შედიხარ უსასრულო, ბნელ გვირაბში, რომელიც არ იცი როდის დასრულდება, ცდილობ ფერები შეურჩიო, მაგრამ უშედეგოდ.
მიდიხარ, არც შუქი ჩანს და ვერც გვერდებს ვერ ამჩნევ. მხოლოდ უკან მოხედვა შეგიძლია, შუქი მხოლოდ უკან მოჩანს... ეს ფერადი ბავსვობაა და არა  გვირაბის დასაწყისი. მიდიხარ მოლოდინით აღსავსე, არ იცი წინ რა შეგხვდება, რა დაბრკოლება.
არ იცი არცერთი ფეხწამოსაკრავი ადგილი,რომელიც ბლომადაა ამ გვირაბში. არ იცი, რადგან ამ გვირაბს ყოველი ადამიანი ერთადერთხელ გადის. განსხვავება კი ამ ადამიანების გვირაბებს შორის არის ის, რომ ზოგის გვირაბი უფრო ნათელია ვიდრე შენი. ბევრს თანამგზავრი ჰყავს... ბევრს უმართლებს და ამ გვირაბსი დახმარების ხელით გამოწვდილ ადამიანებს ხვდებიან.
ყველა არწევს გვირაბის ბოლოს, ხან ადრე, ხან გვიან... ზოგის გვირაბი ძალიან მოკლეა... ეს წინასწარ არავინ იცის, როგორ გვირაბს უმზადებს მას მომავალი, ისევე როგორც შენ... არ იცი რა იქნება ან იქნება კი რაიმე ნათელი ფერის გასავლელ გზაზე?
  უიმედო გზა,  ნატელის მოლოდინში გავლილი ბილიკი. ეს უკვე არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ სად არის გვირაბის ბოლო, ისევე როგორც არავინ არც შენ არ იცი.
  გვირაბს სევდიანი მიუყვები, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ფიქრობ, რომ კეთილი დეიდები, ბიძიები, ბებიები ან ბაბუები კიდევ არსებობენ, მაშინდელივით, როგორც ბავშვობაში. გულს გადაუშლი, დარდებს გაიქარვებ და ისე ენდობი, როგორც მაშინ, გვირაბში ღრმად შემოსვლამდე... ამ ფიქრებსი ხარ და ღრმა ფიქრში წასულს უცხო ხმა შემოგესმა. ახალგაზრდა, რომელიც ბავშვობასთან დააკავშირე და ერთ გზას დამდგარმა, მას ბავშვის მეამიტი გულით დაუწყე ყურება. შენც ხომ ამის მოლოდინში იყავი, რომ გვირაბის დარჩენილ გასავლელ გზაზე უამრავ ლამაზ და კაშკაშა ფერებს გაპოვნინებდა...
ტყუილია, არ უნდა დაგეჯერებინა, ის შეიძლება მართლა ხედავდა გვირაბის ფერად ფერებს მაგრამ, მას ის თავისთვის უნდოდა, თავისთვის უნდოდა შენი ფერებიც. მაგრამ კარგია, რომ მეტი გვიან არ მიხვდი ამას, ან საერთოდაც, რომ მიხვდი. ის გაჩვენებდა, რომ გთანაგრძნობდა, მაგრამ შენთან ყოფნის მომენტში შენზე ერთი ნაბიჯით წინ მიდიოდა და ნათელ ფერებს ართმევდა, ტაცებდა შენს მიერ გასავლელ გზას. მერე კი ჭრილი გააკეთა იქ სადაც შენ ფეხი უნდა დაგედგა... შენც წაიქეცი... წაიქეცი და როცა ელოდი, რომ ის წამოგაყენებდა, მოიხედე და ისევ მარტო დარჩი ბნელ გვირაბში... ასე გამოიყენეს შენი ბავშვური სული... ისევ მარტო ხარ...
ახლა კიდევ უფრო ღრმად ჩაწვდი ხალხის არსს... ახლა შენ უკვე შეგიძლია უშეცდომოდ გაარჩიო თეთრი შავისაგან... მაგრამ ვერასოდეს შეძლებ დაბრუნდე უკან შეცდომების გამოსასწორებლად... ეს შეუძლებელია მოხდეს... შენ მხოლოდ მოხედვა შეგიძლია უკან მაგრამ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადმოწევ.
 იმედს მაინც არ კარგავ, გზას მიჰყვები, გჯერა რომ ეს გვირაბი ერთ დროსაც დასრულდება. ბედნიერია ის ადამიანი ვინც სინათლის სხივით მოფენილი გვირაბის გზას ადგას და არ იცის როდის გამოცნდება გვირაბის ბოლოს ტყე გაზაფხულის, სხვადასხვა, ათასნაირი ყვავილებით გვირაბებითა და ღირსეული ცრემლებით... მაგრამ შენი გვირაბის ბოლოს არის იგივე? ... შეიძლება მართლაც იყოს გვირაბის ბოლოს ნამიანი გაზაფხული... ან იქნებ შენ ვერ იხილო ეს ყოველივე... იქნებ ვერ გაუძლო დამღლელ, ბურუსიან გვირაბის გზას და საკუთარი ხელით დროზე ადრე დაკეტო ფიქრებით და ოცნებებით მიახლოებული და გაღებული გვირაბის კარი, რომლის მიღმაც წვიმიანი გაზაფხულია...
  ეს ცხოვრების გვირაბია, სხვისთვის შუქმოფენილი, შენთვის კი ბურუსითა და ნისლით დაფარული...
  შენ მთავარი შეცდომა დაუშვი, სხვას ენდე, რომელმაც ფერები წაგართვა... მთავარი და მნიშვნელოვანი, ბედნიერების ფერები....
  გაიარე დარჩენილი გვირაბი მხოლოდ შენი თავის ნდობით, რადგან ეს გვირაბი შენი გასავლელია, ნუ მისცემ სხვას მასში ცუდი განზრახვით შემოსვლის უფლებას. აქ მუდამ არის ნათელი ფერები, მას პოვნა უნდა და მოქმედებაში მოყვანა...
  უმჯობესია  შენით მოაწყო გვირაბი ნათელი ფერებით, უკან, გავლილი გზაზე შუქი დატოვო, რათა შენი ნაკვალევი არ დაკარგოს. ნუ გაივლი შავ-თეთრ გზას, მას აზრი მიეცი. ისედაც ყველა გვირაბის ბოლოს არის წვიმიანი გაზაფხული....

უგემრიელესი პასკის რეცეპტი

სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ

ინგრედიენტები:
კვერცხი-10 ცალი
შაქარი-1200 გრამი
კარაქი(გამდნარი) ან ერბო-500 გრამი
რძე-1 ლიტრი
საფუარი-50 გრამი
ფქვილი-3 კილოგრამი
ჯაოზი(მუსკატის კაკალი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
ილი(კარდამონი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
მიხაკი, დარიჩინი-დანის წვერით
ვანილი-1 ჩაის კოვზი
მარილი-1 სუფრის კოვზი
ლიმონის ზეთი-4-5 წვეთი
შაფრანი-1 პაკეტი
კონიაკი-50 გრამი(ერთი პატარა ჭიქა)
ზეთი-1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში(ან ცუკატები)-500 გრამი
თავზე მოსასმელად-4 კვერცხის გული+4 სუფრის კოვზი რძე


მომზადება:
წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები:კარაქი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ, ფქვილი გავცრათ, რძე ავადუღოთ და ოდნავ გავაგრილოთ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავყაროთ საწურზე შესაშრობად.
ფართე ემალის გობზე მოვათავსოთ საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე. ავურიოთ კარგად, დავაფაროთ გობს სუფთა ტილო და ოპარა დავტოვოთ გასაფუებლად. პატარა ემალის ქვაბში ჩავყაროთ სანელებლები: ილი, ჯაოზი, დარიჩინი, მიხაკი. დავასხათ ერთი ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავდგათ გასაგრილებლად.
როცა ოპარა კარგად ამოვა, დავუმატოთ დარჩენილ თბილ რძეში გახსნილი შაქრის ნახევარი, გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმონის ზეთი, კონიაკი, დავახეხოთ შაფრანი, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ძალიან ნაზი ცომი გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ ცომს თავზე და დავაცადოთ ამოსვლა.
როცა ცომი კარგად გაფუვდება, მიქსეროთ ავთქვიფოთ კვერცხები დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ცომს, მარლაზე დავასხათ მოხარშული სანელებლებიანი მასა, კარგად გავწუროთ ხელით და ესეც ჩავუშვათ ცომში. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იზილებოდეს მინიმუმ 30 წუთი. ზელვის დროს დავამატოთ ზეთი, ზეთიანი ხელითვე შემოვუწმინდოთ ნაპირები გობს და ისევ დადგათ სითბოში გასაფუებლად.
როცა ცომი კარგად გაფუვდება(მოცულობაში უნდა მოიმატოს სამჯერ), ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ ვაცალოთ ამოსვლა. მესამე ჩაზელვაზე დავამატოთ ქიშმიში ან ცუკატები და კიდევ ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელით.
მოვამზადოთ ფორმები: ჩავუფინოთ ძირში პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ირგვლივ და ძირზე ზეთი.
დავიწყოთ ცომის ჩადება ფორმებში: ზეთიანი ხელით ამოვაგუნდავოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში-ცომმა უნდა შეავსოს ყალიბის მესამედი. ცომი კარგად შემოვამრგვალოთ ხელით და ფორმები დავდგათ თბილ ადგილას. ყალიბებს თავზე სუფთა ტილო გადავაფაროთ.
როცა ცომი ყალიბებეში კარგად ამოვა, შევაწყოთ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-50 წუთი(გააჩნია ყალიბის ზომას). გამოღებიდან ათი წუთით ადრე პასკებს თავზე წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.
გამომცხვარი პასკები გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაწყოთ სველ ტილოზე და გავაგრილოთ. ფრთხილად შემოვხსნათ დანით გვერდები და გამოვიღოთ ყალიბიდან. კარგად გავაციოთ, შემდეგ კი ჩავაწყოთ თავდახურულ ემალის ქვაბში.

მიირთვით გემრიელად!

რომელია თქვენი დაბადების ქვა?


ძოწი - იანვარი
იანვარში დაბადებულები ითავსებენ ხასიათის უნიკალურ თვისებებს: უნარს იაზროვნონ ანალიტიკურად და გამოიჩინონ სიბრალული ყველა ცოცხალისადმი. ნებისმიერი ქაოსიდან მათ შეუძლიათ უცბად შექმნან წესრიგი.
ამეთვისტო - თებერვალი
თებერვალში დაბადებულებს კეთილი ზრახვები აქვთ, ისინი ქადაგებენ მშვიდობას მთელ მსოფლიოში.
 აქვამარინი - მარტი
ეს ქვა ოკეანის ასოციაციას იწვევს. ოკეანის მსგავსად, მათაც შეუძლიათ ყველაფერი მოასუფთაონ ირგვლივ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მარტში დაბადებულებს ყოველთვის შეუძლიათ მიაღწიონ პრობლემის ფესვამდე, მათი საკომუნიკაციო უნარები კი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა!
ბრილიანტი - აპრილი
ეს ადამიანები პრაქტიკულად დაუმარცხებლები არიან და სწრაფად იკრებენ ძალებს პრობლემების შემდეგ. აპრილში დაბადებულები ჯიუტები არიან. თუ რაღაცას მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ.
ზურმუხტი - მაისი
ზურმუხტის თილისმის ქვეშ დაბადებულები განსხვავდებიან სიმამაცითა და სიბრძნით გამოირჩევიან. ზურმუხტი ანიჭებს ადამიანს სიბრძნეს, ეხმარება განავითაროს ღვთისმოსაობა და გულკეთილობა. მაისში დაბადებული - ჰარმონიული პიროვნებაა, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე და მშობელი.
მარგალიტი - ივნისი
მარგალიტის თილისმის ქვეშ დაბადებული - უნიკალური ქმნილებაა. ოდითგანვე მარგალიტი ასოცირდებოდა უმანკოებასთან და მაგიურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ივნისში დაბადებულები, ერთის მხრივ, გულუბრყვილოები არიან, მეორე მხრივ - თითქოს ცხოვრობენ სრულ ჰარმონიაში გარშემომყოფ სამყაროსთან.
ლალი- ივლისი
თავისი თილისმის მსგავსად, ივლისში დაბადებულები - ბრწყინვალე, ეფექტური და დრამატული პიროვნებები არიან. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და ადვილად არ თმობენ პოზიციებს.
პერიდოტი- აგვისტო
ბევრ ადამიანს უყვარს ლაპარაკი, მაგრამ აგვისტოში დაბადებულებს გააჩნიათ ურთიერთობის ბუნებრივი ნიჭი. მათ შეუძლიათ დაიმეგობრონ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში.
საფირონი- სექტემბერი
სექტემბერში დაბადებულები გამოირჩევიან სიმშვიდით  და განსაკუთრებული ჭკუით. ისინი ხშირად აკეთებენ თავის კარიერას სახელმძღვანელო თანამდებობებზე.
ოპალი -ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულები განსხვავდებიან სამყაროზე იდეალისტური შეხედულებით.  უყვართ, როცა ყურადღების ცენტრში არიან. მათ შესანიშნავად აქვთ განვითარებული ინტუიცია.
ციტრინი - ნოემბერი
ადამიანები, ვისი თილისმაც ციტრინია, ურთიერთობაში სასიამოვნო პიროვნებები არიან. თითქოს იღბალი ყველგან დასდევთ, განსაკუთრებით როცა საუბარი ფინანსებს ეხება.
ლურჯი ტოპაზი - დეკემბერი
დეკემბერში დაბადებულები გამოირჩევიან კონსერვატულობით. ძლიერი პიროვნებები არიან, როცა საჭიროა ყოველთვის მხარში ამოუდგებიან ადამიანს და დაეხმარებიან დაუფასებელი რჩევით. 

საუფლო დღესასწაული - ბზობა

ბზობაბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი.



უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება

დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლისა. ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან. იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. როდესაც მე ისრულიმში გახლდით, ეს კარიბჭეც ვინახულე. მისი სიგანე ხუთი მეტრი იქნება. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ როცა უფალი ამ კარიბჭით ქალაქში შევიდა, მთელი იერუსალიმი შეიძრა და გამოეფინა მის შესახვედრად. ერთხმად ღაღადებდნენ და ადიდებდნენ იესო ქრისტეს; ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს,  არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ ახლა გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა.
მინდა ამ კურთხეულ დღეს თქვენი ყურადღება ერთ ფაქტზე გავამახვილო. მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა. იგი თავისთავს კი არა, ამ ხალხს დასტიროდა, რადგან მან - ნათელი, რომელიც მის შორის იყო, ვერ იხილა და ღვთისგან ბოძებული მადლი და წყალობა უარყო.
მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.
საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. თქვენ ალბათ შემეპასუხებით, მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.
მე შევსთხოვ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ ის რწმენა და სიყვარული, რომლითაც მან ჩვენი კურთხეული ერი დააჯილდოვა, არ დავკარგოთ, შევსთხოვ, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ საქართველოს ბედნიერი აღდგომა გაუთენოს.
განსაკუთრებით მინდა ვილოცო იმ ქართველებისათვის, რომელნიც უცხოეთში ცხოვრობენ და მშობლიური მიწა-წყალი ენატრებათ. ღმერთმა ყველანი შეგიწყალოთ და მტერი მოყვარედ და გლოვა სიხარულად გადაგიქციოთ.
შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა შესრულდება, ხუთშაბათს იქნება ზეთის კურთხევა, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც იშვიათად, წელიწადში ერთხელ სრულდება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, იგი სულისა და ხორცის საცხოვნებელია, რადგან ადამიანს ის ცოდვები ეპატიება, რომელთა თქმაც აღსარებაში დაავიწყდა. ზეთის ცხების შემდეგ ათ საათზე დაიწყება წირვა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვახსენებთ. თქვენ გახსოვთ, რომ ამ დღეს უფალმა ზიარება დააწესა და თავისი მოციქულები პირველად აზიარა. ამიტომ თქვენც შეეცადეთ, რომ უზიარებელი არ დარჩეთ. წირვის შემდეგ ფერხთბანა შესრულდება.
ხუთშაბათს საღამოს იქნება ცისკარი, რომელზეც 12 ვნების სახარება იქნება წაკითხული. პარასკევს დილას ჟამნობა დაიწყება, ხოლო 2 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილას წირვა შესრულდება, ხოლო შუაღამეზე კი - შუაღამიანი და სააღდგომო ლიტანიობა.
ღმერთმა ბედნიერი და სიხარულის მომტანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
1 მაისი, 1983 წ.

ბზა ნადგურდება

სოფელ დიმის სასაფლაოებზე ბზები მასიურად ნადგურდება. ყველა ძირს აღენიშნება გამხმრობა, რაც სავარაუდოდ მავნე ჭიებისაგან არის გამოწვეული.
შესაძლოა რომ მცენარე "ბზის დამწვრობითაც" იყოს დაავადებული.

აღნიშნული დაავადება, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. სპეციალისტების განცხადებით, დაავადების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მაღალი ტენიანობაა.
ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთლები კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტოები და საბოლოოდ ბზა ხმება.

როგორც სოფლის მკვიდრნი ამბობენ მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არასდროს ყოფილა. მათი აზრით ეს შეიძლება იყოს "ბზის დამწვრობა", თუმცა ამ მცენარის მასიურ განადგურებას უფრო მეტად "მწვანე ჭიას" აბრალებენ...  





უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ

ჯონ კრისტოფერ დეპი 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში დაიბადა. მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი. ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.
მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.
1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.
ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამფ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა. სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა. მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.
დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003), რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურასროლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.
ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მკვდრის სკივრი“ (2006),„მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.
2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მანოქროს გლობუსი მოიგო.
2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.
ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს. მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).


ჯონი დეპის ციტატები:

✸ ცხოვრება ის კი არ არის, რომ იცხოვრო, უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ.✸

✸ სამყაროში იმდენი საოცრებაა, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, თითქოს აქედან არ ვარ.✸

✸სამყაროს ქალები მართავენ. მათთან შედარებით, მამაკაცები სუსტები ვართ.✸

✸ოჯახი-ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენ არ გაქვთ ოჯახი, ჩათვალეთ, რომ არ გაქვთ არაფერი.✸

✸ძალაუფლება ბევრ რამეშია დანმნაშავე. ჰო, და კიდე დანარჩენებშიც.✸

✸იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენი, რამდენსაც ცხოვრობ.✸

✸ჩემი სხეული-ჩემი ჟურნალია, ჩემი სვირინგები-ჩემი ისტორია.✸

✸ადამიანები ტირიან არა იმიტომ, რომ ისინი სუსტები არიან, ადამიანები ტირიან იმიტომ, რომ ზედმეტად დიდხანს იყვნენ ძლიერები.✸

✸საკუთარ აზრებთან ერთად მარტო დარჩენა საკმაოდ საშიშია, თუმცა ამავდროულად სასარგებლო.✸

✸არაფერი არ ვიცი ცხოვრებაზე, მაგრამ საშინლად მინდა ცხოვრება.✸

✸სიმართლე რომ გითხრათ, მე ყოველთვის ვეყრდნობი იღბალს.✸

✸შენ შეგიძლია დახუჭო თვალები იმაზე, რისი დანახვაც არ გინდა, მაგრამ შენ ვერ დახურავ გულს იმაზე, რისი გრძნობაც არ გინდა.✸

✸ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი. სამაგიეროდ იყიდი იახტას, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანს.✸

✸ბევრს ვკითხულობ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბავშვობაში არაფერს არ ვკითხულობდი. სკოლა ადრე მივატოვე. კითხვა ჩემთვის გადარჩენის ტოლფასია.✸

✸ნუ გეშინიათ მტრების, გეშინოდეთ მეგობრების. გვღალატობენ მეგობრები და არა მტრები.✸

✸შენ- ის ხარ რასაც აკეთებ, შენ-ეს შენი საქმეა, შენ- ეს შენი არჩევანია.✸

✸მე არ მესმის ამ თამაშის, მე არ მესმის ამ ქალაქის-ჰოლივუდის. მე არ მესმის მათი წესები. ვიცი მხოლოდ ის, რომ მე ისინი არ მომწონს.✸

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...