ბაღდათში ველომარათონი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მობილიზებას ისახავდა მიზნად.
მარათონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა კლუბ "დიდმაღალის" ინიციატივით გაიმართა.
"კლუბი "დიდმაღალი" უკვე ერთი წელია რაც არსებობს. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები, ლაშქრობები და აშ. შემდეგ გაგვიჩნდა იდეა და გადავწვვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რაღაც უცხო შემოგვეტანა ბაღდათში. ვიფიქრეთ რომ ეს უნდა ყოფილიო ველოსაპედების კულტურა, ასე რომ ვთქვათ და გავმართეთ ველო მარათონი"-ამბობს კლუბ "დიდმაღალის" ერთ-ერთი მონაწილე.
ველომარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელიც უკვე იყო 15 წლის. ზედა ზღვარი კი შეუზღუდავი იყო. აღნიშნულ მარათონში სულ ათამდე ველომოყვარული ჩაერთო. მონაწილეებმა სტარტი დიმში აიღეს და კაკაურიძის ქუჩის მიმართულებით სამი კილომეტრისა და სამასი მეტრის გარბენის შემდეგ დასრულდა.
"49 წლის გახლავარ და როგორც ვატყობ ყველაზე უხუცესი მონაწილე ვარ ამ ველოგარბენის. ზოგადად სპორტის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტთან მაქვს კავშირი. ძაან მომეწონა ეს იდეა, რომელიც მოლაშქრეთა კლუბმა "დიდმაღალმა" გააჟღერა რამოდენიმე ხნის წინ, რომ მოეწყოთ ბაღდათში ასეთი ველოგარბენი. მართალია მარათონისთვის მანძილი მოკლე არის მაგრამ თავისვავად ფაქტი იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრება დამკვიდრდება ჩვენთან, ბაღდათში არის მისასალმებელი და მეც როგორც სპორტის მოყვარულმა საჭიროდაც კი ჩავთვალე, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ ველოგარბენში"- ამბობს ველომარათონის ერთ-ერთი მონაწილე, სოსო კოტორეიშვილი.
ველომარათონში გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები, რომლებსაც კლუბ "დიდმაღალისაგან" სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მესამე ადგილზე გასულ ნუგზარ მაღლაკელიძეს გადაეცა მოლაშქრეთა კლუბ "დიდმაღალის" მაისური. მეორე ადგილოსან გიორგი გიორგიძეს საჩუქრად გადაეცა საათი. პირველ ადგილზე გასულ, 15 წლის ლუკა ენდელაძეს კლუბ "დიდმაღალისაგან" გადაეცა ველო-ჩაფხუტი. ველომარათონს ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, კახა გოგნაძეც ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულს საჩუქრად თასი გადასცა.
"დაინტერესებული ვარ ველოსაპედებით, მიზიდავს ველოსპორი, თუმცა ასეთ შეჯიბრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან მიხარია, მართლაც სასიხარულოა ჩემთვის მსგავს მარათონში მონაწილეობა და ორმაგად მიხარია კიდევ ის, რომ პირველი ადგილი ავიღე"-ამბობს ლუკა ენდელაძე, მარათონის გამარჯვებული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა კლუბი "დიდმაღალი" მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.