უგემრიელესი პასკის რეცეპტი

სულ მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ

ინგრედიენტები:
კვერცხი-10 ცალი
შაქარი-1200 გრამი
კარაქი(გამდნარი) ან ერბო-500 გრამი
რძე-1 ლიტრი
საფუარი-50 გრამი
ფქვილი-3 კილოგრამი
ჯაოზი(მუსკატის კაკალი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
ილი(კარდამონი, დაფქული)-1 სავსე ჩაის კოვზი
მიხაკი, დარიჩინი-დანის წვერით
ვანილი-1 ჩაის კოვზი
მარილი-1 სუფრის კოვზი
ლიმონის ზეთი-4-5 წვეთი
შაფრანი-1 პაკეტი
კონიაკი-50 გრამი(ერთი პატარა ჭიქა)
ზეთი-1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში(ან ცუკატები)-500 გრამი
თავზე მოსასმელად-4 კვერცხის გული+4 სუფრის კოვზი რძე


მომზადება:
წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები:კარაქი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ, ფქვილი გავცრათ, რძე ავადუღოთ და ოდნავ გავაგრილოთ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავყაროთ საწურზე შესაშრობად.
ფართე ემალის გობზე მოვათავსოთ საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე. ავურიოთ კარგად, დავაფაროთ გობს სუფთა ტილო და ოპარა დავტოვოთ გასაფუებლად. პატარა ემალის ქვაბში ჩავყაროთ სანელებლები: ილი, ჯაოზი, დარიჩინი, მიხაკი. დავასხათ ერთი ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავდგათ გასაგრილებლად.
როცა ოპარა კარგად ამოვა, დავუმატოთ დარჩენილ თბილ რძეში გახსნილი შაქრის ნახევარი, გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმონის ზეთი, კონიაკი, დავახეხოთ შაფრანი, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ძალიან ნაზი ცომი გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ ცომს თავზე და დავაცადოთ ამოსვლა.
როცა ცომი კარგად გაფუვდება, მიქსეროთ ავთქვიფოთ კვერცხები დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ცომს, მარლაზე დავასხათ მოხარშული სანელებლებიანი მასა, კარგად გავწუროთ ხელით და ესეც ჩავუშვათ ცომში. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იზილებოდეს მინიმუმ 30 წუთი. ზელვის დროს დავამატოთ ზეთი, ზეთიანი ხელითვე შემოვუწმინდოთ ნაპირები გობს და ისევ დადგათ სითბოში გასაფუებლად.
როცა ცომი კარგად გაფუვდება(მოცულობაში უნდა მოიმატოს სამჯერ), ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ ვაცალოთ ამოსვლა. მესამე ჩაზელვაზე დავამატოთ ქიშმიში ან ცუკატები და კიდევ ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელით.
მოვამზადოთ ფორმები: ჩავუფინოთ ძირში პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ირგვლივ და ძირზე ზეთი.
დავიწყოთ ცომის ჩადება ფორმებში: ზეთიანი ხელით ამოვაგუნდავოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში-ცომმა უნდა შეავსოს ყალიბის მესამედი. ცომი კარგად შემოვამრგვალოთ ხელით და ფორმები დავდგათ თბილ ადგილას. ყალიბებს თავზე სუფთა ტილო გადავაფაროთ.
როცა ცომი ყალიბებეში კარგად ამოვა, შევაწყოთ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-50 წუთი(გააჩნია ყალიბის ზომას). გამოღებიდან ათი წუთით ადრე პასკებს თავზე წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.
გამომცხვარი პასკები გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაწყოთ სველ ტილოზე და გავაგრილოთ. ფრთხილად შემოვხსნათ დანით გვერდები და გამოვიღოთ ყალიბიდან. კარგად გავაციოთ, შემდეგ კი ჩავაწყოთ თავდახურულ ემალის ქვაბში.

მიირთვით გემრიელად!

რომელია თქვენი დაბადების ქვა?


ძოწი - იანვარი
იანვარში დაბადებულები ითავსებენ ხასიათის უნიკალურ თვისებებს: უნარს იაზროვნონ ანალიტიკურად და გამოიჩინონ სიბრალული ყველა ცოცხალისადმი. ნებისმიერი ქაოსიდან მათ შეუძლიათ უცბად შექმნან წესრიგი.
ამეთვისტო - თებერვალი
თებერვალში დაბადებულებს კეთილი ზრახვები აქვთ, ისინი ქადაგებენ მშვიდობას მთელ მსოფლიოში.
 აქვამარინი - მარტი
ეს ქვა ოკეანის ასოციაციას იწვევს. ოკეანის მსგავსად, მათაც შეუძლიათ ყველაფერი მოასუფთაონ ირგვლივ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მარტში დაბადებულებს ყოველთვის შეუძლიათ მიაღწიონ პრობლემის ფესვამდე, მათი საკომუნიკაციო უნარები კი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა!
ბრილიანტი - აპრილი
ეს ადამიანები პრაქტიკულად დაუმარცხებლები არიან და სწრაფად იკრებენ ძალებს პრობლემების შემდეგ. აპრილში დაბადებულები ჯიუტები არიან. თუ რაღაცას მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ.
ზურმუხტი - მაისი
ზურმუხტის თილისმის ქვეშ დაბადებულები განსხვავდებიან სიმამაცითა და სიბრძნით გამოირჩევიან. ზურმუხტი ანიჭებს ადამიანს სიბრძნეს, ეხმარება განავითაროს ღვთისმოსაობა და გულკეთილობა. მაისში დაბადებული - ჰარმონიული პიროვნებაა, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე და მშობელი.
მარგალიტი - ივნისი
მარგალიტის თილისმის ქვეშ დაბადებული - უნიკალური ქმნილებაა. ოდითგანვე მარგალიტი ასოცირდებოდა უმანკოებასთან და მაგიურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ივნისში დაბადებულები, ერთის მხრივ, გულუბრყვილოები არიან, მეორე მხრივ - თითქოს ცხოვრობენ სრულ ჰარმონიაში გარშემომყოფ სამყაროსთან.
ლალი- ივლისი
თავისი თილისმის მსგავსად, ივლისში დაბადებულები - ბრწყინვალე, ეფექტური და დრამატული პიროვნებები არიან. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და ადვილად არ თმობენ პოზიციებს.
პერიდოტი- აგვისტო
ბევრ ადამიანს უყვარს ლაპარაკი, მაგრამ აგვისტოში დაბადებულებს გააჩნიათ ურთიერთობის ბუნებრივი ნიჭი. მათ შეუძლიათ დაიმეგობრონ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში.
საფირონი- სექტემბერი
სექტემბერში დაბადებულები გამოირჩევიან სიმშვიდით  და განსაკუთრებული ჭკუით. ისინი ხშირად აკეთებენ თავის კარიერას სახელმძღვანელო თანამდებობებზე.
ოპალი -ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულები განსხვავდებიან სამყაროზე იდეალისტური შეხედულებით.  უყვართ, როცა ყურადღების ცენტრში არიან. მათ შესანიშნავად აქვთ განვითარებული ინტუიცია.
ციტრინი - ნოემბერი
ადამიანები, ვისი თილისმაც ციტრინია, ურთიერთობაში სასიამოვნო პიროვნებები არიან. თითქოს იღბალი ყველგან დასდევთ, განსაკუთრებით როცა საუბარი ფინანსებს ეხება.
ლურჯი ტოპაზი - დეკემბერი
დეკემბერში დაბადებულები გამოირჩევიან კონსერვატულობით. ძლიერი პიროვნებები არიან, როცა საჭიროა ყოველთვის მხარში ამოუდგებიან ადამიანს და დაეხმარებიან დაუფასებელი რჩევით. 

საუფლო დღესასწაული - ბზობა

ბზობაბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი.



უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება

დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლისა. ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან. იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. როდესაც მე ისრულიმში გახლდით, ეს კარიბჭეც ვინახულე. მისი სიგანე ხუთი მეტრი იქნება. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ როცა უფალი ამ კარიბჭით ქალაქში შევიდა, მთელი იერუსალიმი შეიძრა და გამოეფინა მის შესახვედრად. ერთხმად ღაღადებდნენ და ადიდებდნენ იესო ქრისტეს; ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს,  არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ ახლა გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა.
მინდა ამ კურთხეულ დღეს თქვენი ყურადღება ერთ ფაქტზე გავამახვილო. მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა. იგი თავისთავს კი არა, ამ ხალხს დასტიროდა, რადგან მან - ნათელი, რომელიც მის შორის იყო, ვერ იხილა და ღვთისგან ბოძებული მადლი და წყალობა უარყო.
მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.
საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. თქვენ ალბათ შემეპასუხებით, მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.
მე შევსთხოვ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ ის რწმენა და სიყვარული, რომლითაც მან ჩვენი კურთხეული ერი დააჯილდოვა, არ დავკარგოთ, შევსთხოვ, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ საქართველოს ბედნიერი აღდგომა გაუთენოს.
განსაკუთრებით მინდა ვილოცო იმ ქართველებისათვის, რომელნიც უცხოეთში ცხოვრობენ და მშობლიური მიწა-წყალი ენატრებათ. ღმერთმა ყველანი შეგიწყალოთ და მტერი მოყვარედ და გლოვა სიხარულად გადაგიქციოთ.
შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა შესრულდება, ხუთშაბათს იქნება ზეთის კურთხევა, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც იშვიათად, წელიწადში ერთხელ სრულდება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, იგი სულისა და ხორცის საცხოვნებელია, რადგან ადამიანს ის ცოდვები ეპატიება, რომელთა თქმაც აღსარებაში დაავიწყდა. ზეთის ცხების შემდეგ ათ საათზე დაიწყება წირვა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვახსენებთ. თქვენ გახსოვთ, რომ ამ დღეს უფალმა ზიარება დააწესა და თავისი მოციქულები პირველად აზიარა. ამიტომ თქვენც შეეცადეთ, რომ უზიარებელი არ დარჩეთ. წირვის შემდეგ ფერხთბანა შესრულდება.
ხუთშაბათს საღამოს იქნება ცისკარი, რომელზეც 12 ვნების სახარება იქნება წაკითხული. პარასკევს დილას ჟამნობა დაიწყება, ხოლო 2 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილას წირვა შესრულდება, ხოლო შუაღამეზე კი - შუაღამიანი და სააღდგომო ლიტანიობა.
ღმერთმა ბედნიერი და სიხარულის მომტანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
1 მაისი, 1983 წ.

ბზა ნადგურდება

სოფელ დიმის სასაფლაოებზე ბზები მასიურად ნადგურდება. ყველა ძირს აღენიშნება გამხმრობა, რაც სავარაუდოდ მავნე ჭიებისაგან არის გამოწვეული.
შესაძლოა რომ მცენარე "ბზის დამწვრობითაც" იყოს დაავადებული.

აღნიშნული დაავადება, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. სპეციალისტების განცხადებით, დაავადების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მაღალი ტენიანობაა.
ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთლები კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტოები და საბოლოოდ ბზა ხმება.

როგორც სოფლის მკვიდრნი ამბობენ მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არასდროს ყოფილა. მათი აზრით ეს შეიძლება იყოს "ბზის დამწვრობა", თუმცა ამ მცენარის მასიურ განადგურებას უფრო მეტად "მწვანე ჭიას" აბრალებენ...  





უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ

ჯონ კრისტოფერ დეპი 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში დაიბადა. მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი. ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.
მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.
1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.
ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამფ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა. სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა. მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.
დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003), რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურასროლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.
ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მკვდრის სკივრი“ (2006),„მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.
2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მანოქროს გლობუსი მოიგო.
2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.
ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს. მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).


ჯონი დეპის ციტატები:

✸ ცხოვრება ის კი არ არის, რომ იცხოვრო, უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ.✸

✸ სამყაროში იმდენი საოცრებაა, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, თითქოს აქედან არ ვარ.✸

✸სამყაროს ქალები მართავენ. მათთან შედარებით, მამაკაცები სუსტები ვართ.✸

✸ოჯახი-ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თუ თქვენ არ გაქვთ ოჯახი, ჩათვალეთ, რომ არ გაქვთ არაფერი.✸

✸ძალაუფლება ბევრ რამეშია დანმნაშავე. ჰო, და კიდე დანარჩენებშიც.✸

✸იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენი, რამდენსაც ცხოვრობ.✸

✸ჩემი სხეული-ჩემი ჟურნალია, ჩემი სვირინგები-ჩემი ისტორია.✸

✸ადამიანები ტირიან არა იმიტომ, რომ ისინი სუსტები არიან, ადამიანები ტირიან იმიტომ, რომ ზედმეტად დიდხანს იყვნენ ძლიერები.✸

✸საკუთარ აზრებთან ერთად მარტო დარჩენა საკმაოდ საშიშია, თუმცა ამავდროულად სასარგებლო.✸

✸არაფერი არ ვიცი ცხოვრებაზე, მაგრამ საშინლად მინდა ცხოვრება.✸

✸სიმართლე რომ გითხრათ, მე ყოველთვის ვეყრდნობი იღბალს.✸

✸შენ შეგიძლია დახუჭო თვალები იმაზე, რისი დანახვაც არ გინდა, მაგრამ შენ ვერ დახურავ გულს იმაზე, რისი გრძნობაც არ გინდა.✸

✸ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი. სამაგიეროდ იყიდი იახტას, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანს.✸

✸ბევრს ვკითხულობ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბავშვობაში არაფერს არ ვკითხულობდი. სკოლა ადრე მივატოვე. კითხვა ჩემთვის გადარჩენის ტოლფასია.✸

✸ნუ გეშინიათ მტრების, გეშინოდეთ მეგობრების. გვღალატობენ მეგობრები და არა მტრები.✸

✸შენ- ის ხარ რასაც აკეთებ, შენ-ეს შენი საქმეა, შენ- ეს შენი არჩევანია.✸

✸მე არ მესმის ამ თამაშის, მე არ მესმის ამ ქალაქის-ჰოლივუდის. მე არ მესმის მათი წესები. ვიცი მხოლოდ ის, რომ მე ისინი არ მომწონს.✸

გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვი


გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვს – 15 აპრილს უკვე 22 წელია საქართველოში  სიყვარულის დღეს ოფიციალურად აღნიშნავენ.
ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა. 1993 წელს, მან პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. ბესო ჩუბინიძემ დააარსა, მის მეუღლეს მიუძღვნა და თან კონცერტით აღნიშნა ვარსკვლავებთან ერთად. ქართული სიყვარულის დღის დაარსების იდეა მას 1993 წელს გაუჩნდა თავად ეს რიცხვი კი, უკეთილშობილესმა ადამიანმა, მწერალმა, ცხონებულმა გიგა მახვილაძემ შესთავაზა, ისე რომ სულ არ იცოდა, რომ ამ იდეის ავტორიც, ამ დღეს იყო დაბადებული. ეს დღე მისი დაბადების დღეცაა და ასე ამბობს: რომ 15 აპრილი გაზაფხულის ცენტრია და გაზაფხულის – ანუ სიყვარულის ცენტრში ვარ დაბადებული და ამით ბედნიერი ვარო… 

ტრადიციის დამკვიდრებას მაშინ ხელი მაშინდელმა საქართველოს რეპუბლიკის პარლამენტმა და კულტურის კომისიამაც შეუწყო, 1994 წლის 8 აპრილის წერილით მათ ოფიციალურად აღიარეს 15 აპრილი სიყვარულის დღედ.

15 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-105 დღე (ნაკიან წლებში — 106-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 260 დღე.
   

დედაენის დღე


 14 აპრილს,  საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.

სსრკ-ის ხელისუფლებამ, მიიღო გადაწყვეტილება,  საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების ე.წ. მცირე ენების გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებაზე. სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ქართული ენაც აღმოჩნდა. შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა.  ეს სიახლე ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა დაიძრა, სადაც თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ სტუდენტობა სჭარბობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად ითხოვდნენ. საპროტესტო აქციები ანალოგიური მოთხოვნით ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვდნენ. 
მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

დღე, რომელიც საქართველოს ტკივილია

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილსთბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინრუსთაველის გამზირზეთბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა,ზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილიირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.
6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი. 7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის გარეკვის ზოგადი გეგმა. 7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.[1] 8 აპრილს დაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.
7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.
9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
დაღუპულთა სია:
  • აზა ადამია, 22 წლის
  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის
 
დიდება და პატივი მათ ...




თეო წითაძე

ბაღდათში ხანძარს 4 მცირეწლოვანი და 2 ქალი ემსხვერპლა

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ოთხი არასრულწლოვანი და მათი ექვსი თვის ორსული დ...